Vakhoswine.Ge
 

კაბერნე სოვინიონი

 

კაბერნე სოვინიონი ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო ცნობილია პტი კაბერნე, ვიდიური, ვენ დიური, მარშოპეტი და სხვ. საბჭოთა კავშირში მას შეცდომით ლაფიტსა დალაფეტს უწოდებედნენ (პ. ბოლგარევი).

ეს ჯიშები სხვადასხვა ადგილზე იყო შესწავლილი. დაკვირვებები წარმოებდა ისეთ ჯიშებზე, რომლებიც ხარისხობრივად არ ჩამორჩებოდა ქართულ ჯიშებს. მაგალითად, კაბერნემ კახეთში დადებითი თვისებები გამოამჟღავნა და წინანდალში თელიანის ველზე განსაკუთრებულად კარგი შედეგები მოგვცა. მაგრამ, იმერეთში ამ ჯიშმა ვერ გაამართლა.

სამაგიეროდ, პინომ და შარდონემ შიდა ქართლში და იმერეთში გაამართლა. განსაკუთრებით პინოს ჯგუფის ვაზმა, სახელად პინო შავი, რომელიც საუკეთესო ჯიშია ცქრიალა ღვინის დასაყენებლად. ქსნის ხეობაში და მუხრანში საინტერესო თვისებები აჩვენა ალიგოტემ. ალიგოტე იმდენად კარგად შეერწყა ქართულ მევენახეობას, რომ გლეხებმა ჯიშს სახელი “მუხრანულა” დაარქვეს და ერთი პერიოდი საბჭოთა კავშირის დროს, ამ სახელით ალიგოტეს ჯიშისგან ღვინოც კი ისხმებოდა”.

კაბერნე სოვინიონი ამპელოგრაფთა აზრით, ერთ-ერთი ყველზე ძველი ფრანგული ვაზის წითელყურძნიანი ჯიშია. საქართველოში ეს ჯიში გასული საუკუნის დასაწყისში ყირიმიდან გავრცელდა და როგორც 1960 წელს გამოცემულ “საქართველოს ამპელოგრაფიაში” ვკითხულობთ, 1953 წლის აღწერით, საქართველოში იმ პერიოდში კაბერნე სოვინიონი 443 ჰექტარზე იყო გაშენებული. კაბერნეს ჯიშის ვაზი დღეს საქართველოში ძირითადად წინანდალში, ყვარელსა და ნაფარეულშია გავრცელებული. თუმცა, ცალკეული ნიმუშები სხვა მიკროზონებშიც გვხვდება.

ცნობილი რუსი ამპელოგრაფი, პროფესორი, გ. გოგოლ-იანოვსკი საქართველოში კაბერნეს გავრცელებასთან დაკავშირებით წერდა: “მხოლოდ კახეთში, სუფრის ღვინოების ამ საუკეთესო რაიონში, მოგვცა კაბერნემ შედარების საშუალება ბორდოს კარგ სამარკო ღვინოებთან. კაბერნეს ღვინომ თელიანისა და ნაფარეულის მესამეული პერიოდის ქვიან დანალექებზე გამოამჟღავნა მაღალი ღირსება: მდიდარი შეფერვა, ნაზი ბუკეტი და გამშვენიერება ხანგრძლივი შენახვისას.

კაბერნე სოვინიონი საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება და სხვადასხვა გათვლებით, კაბერნეს მოსავლიანობა ღვინოზე გაანგარიშებით ჰექტარზე 50-60 ჰექტოლიტრს აღწევს. ამ ჯიშის სხვა მახასიათებლები იმდენად მაღალია, რომ კაბერნეს მთელს მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა მევენახეობით ცნობილ ქვეყანაშია გაშენებული.

უცხოური საღვინე ჯიშებისაგან დამზადებულ ღვინოებს ქართული ღვინის კომპანიები დღესაც წარმატებით აყენებენ. ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქართული მევენახეობა-მეღვინეობა არასოდეს ყოფილა საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვაზის ჯიშებიც ქართულ ჯიშებზე არანაკლები ყურადღების ქვეშ იყო. უცხოური ჯიშების ჩვენს ქვეყანაში არსებობა შედარებებისათვის უმთავრესი და მნიშვნელოვანია.   

62 -ჯერ არის ნანახი
0 კომენტარების სივცრცე


reload, if the code cannot be seen
კომენტარი არ არის გაკეთებული

Vakhoswine.Ge

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი,ჩვენი მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს თიანეთის გზატკეცილზე სოფელ:ლელუბანში.555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი